logo
ENG



ფურცხვანიძე: ერთადერთი წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას [ვუკავშირებ], სხვა ვერაფრით ვხსნი

15 ოქტ 202201:26
3 წუთის საკითხავი
 
ფურცხვანიძე: ერთადერთი წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას [ვუკავშირებ], სხვა ვერაფრით ვხსნი

შპს გრინსერვისი+-ის დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე ამბობს, რომ ვაკის პარკის შადრევანში ყველა სამუშაო ნორმის ფარგლებში იყო ჩატარებული და აპარატურა საქართველოში ჩამოტანამდე შემოწმდა. ის ვარაუდობს, რომ საქმე "წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას" უკავშირდება.

"ძალიან არ მინდა თქმა, მაგრამ ერთადერთი წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას, სხვა მე ვერაფრით ვერ ვხსნი", - თქვა ფურცხვანიძემ გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან.

კითხვაზე არსებობს თუ არა ამის მტკიცებულება, იგი პასუხობს:

"ამას უკვე გამოძიება დაადგენს. ჩვენი თანამშრომლები წინა დღესაც მუშაობდნენ ჩართულ აუზში, ამოწმებდნენ და ასწორებდნენ. მეტსაც გეტყვით, ძაღლის ჩახტომის კადრებიც არსებობს. თითქმის ორი თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმში ვამუშავებდით და არანაირი დარღვევა არ აღმოგვიჩენია. [...]

გაჟონვის რელე დაყენებული იყო, რომელიც ღირს 300 ლარი და არც ერთი თავმოყვარე კომპანია კი არა უკანასკნელი კომპანია არ გააკეთებს იმას, რომ შადრევანში, რომელშიც არის დენი, არ დააყენოს. ძალიან მაინტერესებს და გამოძიებამ დაადგინოს, რა მოხდა, რადგან ასეთი ფაქტი არ მომხდარა, ჩემი გადმოსახედიდან 25 წელი არ მომხდარა. არაერთი შადრევანი გაგვიკეთებია და ასეთი რამე არ მომხდარა".

13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად იყვნენ ჩასულები. ერთ-ერთი ბავშვი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. რაც შეეხება კიდევ ორ მოზარდს, ერთ-ერთი დღეს საავადმყოფოდან გაწერეს, ხოლო მეორე ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის მართვითი სუნთქვიდან მოხსნეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მერიამ ვაკის პარკის რეაბილიტირებული შადრევანი და მცირე კასკადი 12 ოქტომბერს გახსნა. 

თბილისის მერმა კახა კალაძემ ნიუ ჰოსპიტალში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც თუ მაქვს რაიმე დანაშაული მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი."

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი აღნიშნავს, რომ შადრევანს ექსპერტიზა ჩაუტარდება, ხოლო გამოძიება მომხდარის დეტალებს დაადგენს. გიგაშვილის თქმით, შადრევანი იყო შემოწმებული და მას ხარვეზი არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპლუატაციაში არ შევიდოდა.


close დახურვა